ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას ვზომავთ ამ საქმიანობით გამოწვეული შედეგით გარემოზე, ადამიანებზე, ცხოველებზე. ამიტომაც გვქვია „ზერო ეფექტი“ – მთავარი პრინციპია ნული გავლენის მოხდენა გარემოზე, სხვა მხრივ გარემოს ჩვენი დახმარება არ ჭირდება, მთავარია ადამიანებმა ხელი არ შევუშალოთ ჩვენი ქმედებებით ბუნებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმიანობა უკავშირდება ნული ნარჩენით ცხოვრების სტილის წახალისებას. „ზერო ეფექტის“ შთაგონების წყაროა თითოეული ადამიანი, რომელიც საკუთარი ცხოვრების სტილის გარდაქმნით, გარემოზე ზრუნვის მაგალითს ქმნის. ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებს შევუქმნათ სივრცე, სადაც თანამოაზრეებს იპოვიან და ერთმანეთს გააძლიერებენ. ამისათვის სივრცე მასპინძლობს სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს და ღონისძიებებს, იქნება ეს მეორადი ნივთების გაცვლა-გამოცვლა, თემატური ფილმის ჩვენება, ეკო-ნეთვოქრინგი, დისკუსიები და ა.შ.
შემეცნებითი აქტივობების გარდა, „ზერო ეფექტის“ სივრცეში თავმოყრილია მრავალჯერადი გამოყენების ეკო-მეგობრული ნივთები და პროდუქტები, შეფუთვის გარეშე. აქ შეძენილი ყველა ნივთი არის გადამუშავებადი, უკვე გადამუშავებული ან კომპოსტირებადი მასალისგან დამზადებული. შეფუთულ პროდუქტებზე გვაქვს „ხელახალი შევსების პრინციპი“ – გაყიდული პროდუქტის შეფუთვას ვიბრუნებთ და თავიდან ვიყენებთ. ჩვენი სივრცე ადამიანებს ეხმარება შეამცირონ ნეგატიური გავლენა გარემოზე და დაიწყონ ნული ნარჩენით ცხოვრება.
ძალიან ხშირად, სხვადასხვა მსხვილი კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში, ერთჯერადად ცდილობს გარემოზე ზრუნვის აქტივობების განხორციელებას, ეს ძალიან კარგია, თუმცა არასაკმარისი. ხშირად, ამ კომპანიების საქმიანობით გამოწვეული ნეგატიური გავლენა გარემოზე უფრო დიდია, ვიდრე მათ მიერ გაწეული სოციალური პასუხისმგებლობის ერთჯერადი აქტი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა განიხილებოდეს არა სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილად, არამედ გახდეს კორპორაციული პოლიტიკა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის ყველა რგოლში აისახება. ამის ერთგვარი შეხსენებაა დედამიწის საათიც – მეორე დედამიწა არ არსებობს და უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს სახლს, იმის გამო მაინც, რომ საკუთარი თავი გადავირჩინოთ, თორემ სიცოცხლე ამ პლანეტაზე უჩვენოდაც გაგრძელდება.