90-ში ზამთრის გრძელ ღამეებს სანთლის შუქზე კითხვაში ვატარებდი, ოჯახთან ერთად. სახლში ერთი ძველი გეოგრაფიული ატლასი გვქონდა, სადაც რუკებთან ერთად, სხვადასხვა ლანდშაფტის ფოტოებიც იყო, დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან. ალბათ, მაშინ გამიჩნდა პირველად, ბუნებაში მოგზაურობის სურვილი. ეს წიგნი იყო ერთგვარი პორტალი ულამაზესი ადგილებისკენ. უფრო გვიან, ვაშლოვანის ნახვამ უკვე დამაკავშირა ბუნებასთან. ბუნებაში მარტო ყოფნა მიყვარს განსაკუთრებით – თითქოს ეს არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაც. ყველაფერთან ერთად, ბუნებაზე ზრუნვა ჩემი სამსახურიც არის. გარემოს დაცვის სფეროშო თითქმის 15 წლიანი მუშაობის გარდა, ვცდილობ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დავნერგო მცირე ცვლილებები. უკვე დიდი ხანია ვაგროვებ და უტილიზაციისთვის ვაბარებ მაკულატურას და ბატარეებს. უკვე ჩვევაში გადავიყვანე ელექტროენერგიის და წყლის გაფრთხილება და სხვა.
„მხოლოდ მე რას შევცვლი?“ – ხშირად გაიგებთ ადამიანებისგან. ეს თავის მართლებად ვერ გამოდგება. არ აქვს მნიშვნელობა, შეცვლი თუ არა. მთავარია, რომ შენ, ერთმა ადამიანმა იგრძნო პასუხისმგებლობა, იმოქმედო სწორად და სხვას მისცე მაგალითი. კაცობრიობის ისტორიამ ბევჯერ გვაჩვენა, რომ ინდივიდების დაწყებულ ცვლილებებს მოყვება ხოლმე ჯაჭვური რეაქცია. მით უფრო, ინფორმაციული ეპოქა უნდა გამოვიყენოთ, რომ დედამიწაზე ზრუნვა გადამდები გავხადოთ.
ცხოვრება თანდათან უფრო ჩქარდება. ადამიანები თავს იყრიან დიდ ქალაქებში, სადაც უფრო თავბრუდამხვევია ყველაფერი. საკვებს მაღაზიის დახლებიდან იღებენ, ყველაფერი მზამზარეული მიეწოდებათ და ყოველდღიურ საზრუნავში ჩართულებისთვის თითქოს შეუმჩნეველი ხდება როგორ ვწოვთ რესურსებს დედამიწას. დედამიწის საათი ამ რიტმის ერთგვარი დაპაუზებაა და შეხსენება ადამიანებისთვის, რომ ჩვენ დედამიწაზე, ცოცხალ ორგანიზმზე ვცხოვრობთ და მას მოფრთხილება სჭირდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა არა აქვს, როგორც ბევრს გონია.