in

შოკო ჩაჩუა

პროექტ #შეაკეთეს ავტორი

სავარაუდოდ, წინა ცხოვრებაში ცუგა ვიყავი (ან პანდა). დაახლოებით, 15 წლის ასაკში გადავწყვიტე ვეგეტარიანელი  გავმხდარიყავი. იმ დროინდელ საქართველოში, ჯერ კიდევ, არ არსებობდა ამაზე ინფორმაცია, ამიტომ ვეგეტარიანელობა მხოლოდ ხორცზე უარის თქმა მეგონა და ასეც მოვიქეცი. შემდეგ, მოგზაურობამ და საზღვრებს გარეთ გატარებულმა წლებმა დიდი გამოცდილება და ინფორმაცია დამიგროვა და სხვა საკითხებშიც ჩავერთე. მაგალითად, პოლიეთილენის პარკებთან ბრძოლა ჯერ კიდევ ინგლისში დავიწყე. სადაც არ მეზარებოდა, ლექციას ვუტარებდი თითოეულ გამყიდველს, რომელიც პოლიეთილენის პარკს მაწვდიდა. გადიოდა წლები, საქართველოში კი ეს პარკები კვლავ ჰაერში დაფრინავდა. ცალკე პრობლემაა არარაციონალურად დახარჯული რესურსები: წყალი, ელექტროენერგია…

ამ საკითხებმა ისე შემაწუხა, რომ გადავწყვიტე, მეტად ჩარტული და აქტიური ვყოფილიყავი მათთან ბრძოლაში. საკუთარი სახლიდან ელექტროენერგიის მოხმარების, სარეცხი თუ საუთოო საშუალებების გამოყენების გაკონტროლებით დავიწყე. თავგადასავალი იქამდე გაგრძელდა, რომ ჩემს პარტნიორთან ერთად, ვინტაჟური სამოსისა თუ სხვა ნივთების ბრენდი და მაღაზია შევქმენი, რომლის მეშვეობითაც ვავრცელებთ მთავარ გზავნილს – ნივთების მეორეული გამოყენება დიდ გავლენას ახდენს გარემოზე: ძონძები ასწორებს და ეკო-მეგობრულია. მალევე წამოვიწყე პროექტი #შეაკეთე – ანუ პრაქტიკული რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ძველმანები, ძველზმანები და ნივთები ხელმესამედ, ანუ, როგორ ვიზრუნოთ გარემოზე.

გარემოზე ზრუნვა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, ტრანსპორტს მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში ვიყენებ, დავდივარ ფეხით – ეს აქტივობა ხომ ჩემთვისაც და გარემოსთისაც ერთნაირად სასარგებლოა. ვცდილობ, მხოლოდ გადამუშავებადი შეფუთვის პროდუქტი მოვიხმარო, მაღაზიაში ნაჭრის ჩანთებით დავდივარ. კვლავაც ვაკონტროლებ შუქს, რეცხვას, უთოს სარგებლობას.

მგონია, რომ შემეცნება მთავარი იარაღია – განვანათლოთ ერთმანეთი, მცირედი პრაქტიკული ქმედებებით: ქუჩაც ჩვენი სახლია, ამიტომ, მოდი, დავიწყოთ იქიდან, რომ არ უნდა დავაგდოთ ქუჩაში ნამწვი, პლასტიკატის პარკი, შევცვალოთ ავტომობილების ტიპი ან სრულად ამოვიღოთ ისინი ხმარებიდან, სადაც შესაძლებელია.

ტენე

მარი ბენდელიანი