in

მარი ბენდელიანი

გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრის დამფუძნებელი

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ტყეში ბოდიალი და ხეებზე ძრომიალი, მთელი ზაფხულის არდადეგებს ხეზე „უჩინარ“ სახლში ვატარებდით მე და ჩემი ნათესავები. მიუხედავად ამისა, ვუფრთხილდებოდით, ტოტებს არ ვატეხდით. ბაბუასგან ბევრი უცნაური ამბავი მომისმენია ბუნების ძალებისა და წესების, ამა თუ იმ მოვლენის მომასწავლებელი ნიშნების შესახებ. 

გარემოსდაცვითი აქტივობებით 10 წლის წინ დავინტერესდი, ვეძებდი მეტ ინფორმაციას და მოძიებულ ინფორმაციას ახალგაზრდებს ვუზიარებდი, შემდგომ, ერთად ვგეგმავდით აქტივობებს, კვლევებს, კონფერენციებს… დღეს, ჩემს ცხოვრებაში გარემოსდაცვით განათლებასთან ერთად, დიდი ადგილი უჭირავს გარემოსდაცვით სოციალურ მეწარმეობას. უკვე მეორე სოციალური საწარმო დავაფუძნე, რომლის მისია ნარჩენების მართვის სექტორის გაძლიერებაა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცდილობ, დავზოგო გარკვეული პროდუქტი, უარი ვთქვა ერთჯერად პოლიეთილენზე, ყურადღება მივაქციო შეფუთვას, ვინახავ ნივთებს იმ იმედით, რომ ოდესმე გამომადგება. უპირატესობას ვანიჭებ ადგილობრივ და მეორეულ პროდუქტებს, მძაფრად ვრეაგირებ გარემოს დაბინძურებაზე და ხანდახან შენიშვნებსაც კი ვაძლევ უცხო ადამიანებს, რისი ცოტათი მერიდება კიდეც.

ვფიქრობ, დედამიწისთვის ყველაზე  დამანგრეველი ეფექტი ადამიანის მზარდ კონსუმერიზმს აქვს. ბუნებრივი რესურსების დაზოგვა შესაძლებელია, თუ დავუფიქრდებით და შევთანხმდებით ძირითად საკითხებზე – სახლში თუ სამსახურში, დახურულ შენობებსა თუ ღია სივრცეში, ჩხირკედელაობისას თუ საწარმოში პროდუქტის წარმოებისას უნდა დავზოგოთ რესურსები და არ დავაბინძუროთ გარემო.

შოკო ჩაჩუა

ნესტან მამაცაშვილი