ზოოლოგი და ეკოლოგი მშობლები მყავს, ამიტომ ბუნებასთან ჩემი ურთიერთობა დაბადებიდანვე დაიწყო. ჩვენს სახლში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქვეწარმავლები, ამფიბიები, ფრინველები თუ ძუძუმწოვრები. რა თქმა უნდა, მუდმივად გვყავდა ძაღლიც და მისი გასეირნება ჩვეულებრივი რუტინა იყო. მამაჩემისა და მისი კოლეგა მეგობრების თაოსნობით, საქართველოში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდიც შემოვიდა და საქართველოს დაცული ტერიტორიების აღდგენა-გაფართოების პროცესი დაიწყო. ამ ყველაფერს ბავშვობიდან ვუყურებდი და გარემოსთან ურთიერთობის, სხვა ცოცხალ არსებებთან თანაცხოვრების წესები თუ ჩვევები თავიდანვე ჩამომიყალიბდა.
ჩემი ყოველდღიური ცხოვრებისეული ჩვევებიდან მთავარი, რა თქმა უნდა, პლასტმასასა და პოლიეთილენის გამოყენების შემცირება ან სულაც ამოღებაა. ასევე, ელექტროენერგიისა და წყლის დაზოგვა, ჩვენი საცხოვრებელი გარემოს დაბინძურებისგან დაცვა. ამასთან ერთად, გადაცემა მიმყავს შინაურ ცხოველებსა და საქართველოს ველურ ბუნებაზე, რაც იმედი მაქვს, ხელს უწყობს გარემოზე ზრუნვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
თანამედროვე სამყაროს ყველაზე დიდი პრობლემა, მომხმარებლობაა. პირველ რიგში, პრობლემის აღიარება და მისი გააზრება გვჭირდება. ვაწარმოებთ და შემდეგ, ნაგავსაყრელზე ვუშვებთ კოლოსალური რაოდენობის პროდუქტს თუ ტექსტილს. ამ ყიდვისა და მოხმარების ჟინის ოდნავი ჩაცხრობა დედამიწას ძალიან დაეხმარება გადარჩენაში. თითოეული ადამიანის პირადი გადაწყვეტილება ჩვენს პლანეტაზე აისახება. ჩვენი ქცევა დედამიწის მომავალს განსაზღვრავს და ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია.