ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „ქუჩის“ წაკითხვისას გავიგე პირველად, რომ ადამიანი ისტორიის ბნელ მხარეს შეიძლება იდგეს და მტერი იყოს. შემდეგ, სხვა მოთხრობები მოყვა… მახსოვს, გაზაფხული იდგა თბილისში და ჩემი საბჭოთა კორპუსის კუთხეში “რაღაც ბუჩქი უცნაურად დაიბერა”. ყოველ დილას, სკოლაში მიმავალმა პირველად ვნახე, როგორ აყვავილდა კოწახური და თურმე, რა საოცარი მათრობელა სურნელი ჰქონია. შემდეგ იყო კავკასიური სოჭი, ნაძვი და სხვები – უცებ, ჩემთვის დედამიწა ამ უამრავი ახლადაღმოჩენილი ცოცხალი არსებით აღმოჩნდა სავსე.
ჩემთვის, სუპერმარკეტში შესვლისას არ დგას არჩევანი პოლიეთილენის ბოთლსა და მინას შორის. მინას ვირჩევ იმიტომ, რომ ეს ვიცი ჩემი შვილების ხვალინდელი დღისთვისაა უკეთესი. აქ კეკლუცობას ადგილი არ აქვს (ამის დრო არც დაგვრჩა), უბრალოდ, ასე უნდა მოვიქცეთ და ეგაა. დღეს, უკვე პირადი შეგნების ქონა საკმარისი არაა, პროაქტიურობა აუცილებლობას წარმოადგენს. დრო მართლა აღარ არის. ამიტომაც, ჩემი სამსახურის კაფე იძულების წესით გადავიყვანე ეკომეგობრულ სტანდარტებზე: ამოვიღეთ პოლიეთილენი, პლასტმასა და მსგავსი დამბინძურებლები. გამყიდველები პირველ ხანებში გაყიდვების შემცირებას წუწუნებდნენ. შემდეგ, უკვე თავადვე ჩაერთნენ ამ “მარათონში” და ახლა თავად მოაქვთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, მასობრივი ბრენდების ნაცვლად.
რთულია ისაუბრო სიტუაციის შემოტრიალებაზე. ალბათ, უპრიანი იქნება, თუ ზიანის მინიმიზაციაზე ვილაპარაკებდით. პროაქტიურობა უმთავრესი მიზანია. ვალდებულები ვართ ერთმანეთს ავუხსნათ, რომ ეს პლანეტა ერთია მხოლოდ და შეცდომებს არ გვპატიობს. ერთი ხის დარგვა არ შველის, თუ მწვადებში მთელი ტყე მიაწვი. შინაგანი ბალანსია საჭირო და ყოველთვის უნდა გვესმოდეს ეს. თუ მეზობელს არ ესმის, „არ ტეხავს ახსნა“. სამაგიეროდ, შვილები მადლობას გვეტყვიან ჟანგბადისთვის.