in

ნუცა იოსელიანი-მიხეილსდოტირი

Mtvare Recycled Toys-ის დამფუძნებელი

მახსოვს, ბაბუა როგორ მიხსნიდა, რომ მეწყრის დროს, დედას მოწყვეტილი პატარა მიწის ქანები ტირილით მოგორავენ მთიდან, უცხო ადგილას თავს ძალიან მარტოსულად გრძნობენ და დედა ენატრებათ. ამიტომ ადამიანები მიწას უნდა გაუფრთხილდნენ, რათა პატარა ქანები ობლად არ დარჩნენო. თავად უდიდესი სიყვარულით და სიფრთხილით ეპყრობოდა თითოეულ ხეს, მცენარეს, ცხოველს, ფრინველსა თუ მწერს, აღფრთოვანებით უსმენდა ბუნების ხმებს, აკვირდებოდა დეტალებს და მეც ასე ჩამომიყალიბდა ძალიან ღრმა ემოციური კავშირი ბუნებასთან. ყველაზე დიდ სიამოვნებას, სიმშვიდეს და ძალას სწორედ მისგან ვიღებ.

ბუნების გაფრთხილება და დაცვა ისეთივე ბუნებრივია ჩემთვის, როგორც საკუთარ სახლზე ზრუნვა. მაქსიმალურად ვცდილობ, არ გამოვიყენო პლასტმასა და ისეთი მასალები, რომელთა გახრწნასაც ასეულობით წელი სჭირდება, მნიშვნელოვნად აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ცოცხალ ორგამიზმებს. ასეთ მასალებს შეძლებისდაგავრად ვანაცვლებ ბიოდეგრადირებადით. ჰაერის დაბინძურების შესამსუბუქებლად, უარს ვამბობ ავტომობილზე და ძირითადად, ფეხით დავდივარ. ვფიქრობ, ბავშვების გარემოს დაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლებაში პატარა წვლილი შემაქვს ჩემი ახალი წამოწყებით Mtvare Recycled Toys, რომლის მიზანიც ტექსტილის გადამუშავების გზით, ნარჩენების შემცირებაა და ბავშვებს მათივე მოძველებული ტანსაცმლისგან ვუკერავთ სათამაშოებს.

ალბათ, სანამ ადამიანები საკუთარი სახლის ზღურბლზე გაავლებენ საზღვრებს და ექნებათ განცდა, რომ მხოლოდ ამ ტერიტორიაზე მართებთ ზრუნვა და ამის მიღმა უკვე მათ აღარ ეხებათ, მათი სადარდებელი არაა რა ხდება გარეთ, იქამდე ძალიან გაჭირდება რამის სასიკეთოდ შეცვლა. მჯერა, ყველა ჩვენგანის ჩართულობით და პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმით დიდი ცვლილებების მოხდენა შეგვიძლია. დედამიწის საათიც სწორედ ამას შეგვახსენებს. ბოლო რამდენიმე წელია ამ ყველაზე მწვანე აქციას ელექტროენერგიის გამორთვით ვუერთდები და პატარა წვლილი შემაქვს პლანეტის მწვანე  მომავალში.

ირაკლი ფიფია

თამარ უგუზაშვილი