in

ნათია სარალიძე

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი

დედამიწის ეკოლოგიური პრობლემების ძირითადი მიზეზი ადამიანია, რომელმაც დაიჯერა, რომ ეს პლანეტა მხოლოდ მისთვის შეიქმნა და მას უნდა ემსახუროს. ბოლომდე წურავს მის შესაძლებლობას და ავიწყდება მთავარი: ჩვენ გვჭირდება დედამიწა არსებობისთვის და არა მას – ჩვენ.

ერთხელ, როდესაც ქუჩაში მანქანით მივდიოდი, გზაზე მეეზოვე გადამეღობა. ცოცხით ეჭირა და ყველას კუთვნილ ქუჩას ისე ალაგებდა, როგორც დანარჩენები – საკუთარ სახლს. საშინელი სიბრაზე დამეუფლა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ კაცის ასე ნალოლიავებ სუფთა ქუჩებში ნარჩენებს ყრიან: ხან სიგარეტს, ხან ცარიელ ბოთლს… და განა, უბრალოდ ქუჩას ანაგვიანებენ, არამედ ამ კაცის შრომას არ სცემენ პატივს, ამ კაცის სიცოცხლეს არაფრად აგდებენ… ასეთ ადამიანებთან ბრძოლა მხოლოდ მათივე შვილების სწორი ღირებულებებით აღზრდით შეიძლება. 

მე სწორედ იმათ ვასწავლი გარემოზე ზრუნვას, ვისაც შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს ადამიანთა მოდგმისგან დეგრადირებული გარემო. საოცარი შეგრძნებაა ბავშვების გაფართოებული, სიახლის აღმოჩენით აციმციმებული თვალების მზერა, რომლებმაც სულ ახლახან გაიგეს, რომ დედამიწა საფრთხეშია და მათ კი შეუძლიათ, გახდნენ  სუპერგმირები თუნდაც ერთი ხის დარგვით, ერთი ჩიტის გადარჩენით, ერთი ნათურის გამორთვით, ერთი ნარჩენის აღებით, ერთი მაგალითის მიცემით. ყოველდღიურად ვცდილობ, დავიცვა გარემო. რა თქმა უნდა, დედამიწის დღესაც შევუერთდები სიმბოლურ აქციას და შევეცდები, თუნდაც ერთი ადამიანით მეტი გავხადო ჩემი თანამზრახველი ამ საქმეში, რათა ერთად ვაჩუქოთ 60+ წუთი დედამიწას და საკუთარ მომავალს.

უმთავრესი წვლილი, რაც შეგვიძლია შევიტანოთ პრობლემების მოგვარებაში, არის გაცნობიერება და გააზრება იმისა, რომ თუნდაც ერთი ადამიანის “უმნიშვნელო” წვლილი გარემოს დასაცავად, მილიარდობით ადამიანის მიერ შეტანილი წვლილია, რადგან ჩვენ არ ვართ მარტო… და მაინც, თუ ვინმეს არ აქვს დანახული რეალური პრობლემა, ჯერ კიდევ არ იცის, თუ რატომ უნდა დაიცვას გარემო, მაგრამ სამაგიეროდ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი შვილების მომავალია, მინდა მივმართო მათ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის სიტყვებით: „შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებიგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ“.

უსული

Plasticwatcher.ge