ნარჩენი, რასაც კი ვეხებით შეიძლება სხვადასხვა მდგრადი მოდის ნივთად გადამუშავდეს. ოჯახებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ბიზნეს ორგანიზაციებიდან ვადაგასული სარეკლამო ბანერების და “როლ აპების” შეგროვებით და შემდგომ მათი სამკერვალო მასალად გარდაქმნით და გამოყენებით, plasticwatcher.ge-ში ვქმნით მდგრადი მოდის ნივთებს, არტ-ობიექტებს და სხვადასხვა აქსესუარებს, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპზე. ესაა პროტესტით განპირობებული პირადი ინიციატივა. ვზრუნავთ გარემოს პოლიეთილენის პარკების და საოჯახო პროდუქტების შესაფუთი ნარჩენებით დაბინძურების შემცირებაზე და გვსურს ადამინების შთაგონება და მათი გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების ქცევის შეცვლა.
გადამუშავებული ნარჩენებისგან ჩანთებს, საწვიმრებს, ქუდებს, ფანქრების ჩასადებს და სხვა, მდგრადი მოდის აქსესუარს ვაკეთებთ. ასეთი ნივთის მთავარი დანიშნულებაა, შეაჩეროს ნარჩენების გარემოსა და წყალში განთავსება. ჩვენი შექმნილი ნივთები ისევ ნარჩენად არ უნდა გადაიქცეს, არამედ ის დროსთან ერთად გაქრეს, მოხმარებაში გაილიოს. გვინდა, ამგვარად ხმა მივაწვდინოთ ადამიანებს, დაფიქრდნენ, სანამ პოლიეთილენის პარკს და პლასტმასას ბოთლებს გარემოში უპასუხისმგებლოდ მოისვრიან.
მდგრადი მოდის ნივთების გამოყენება, ხელს უწყობს ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების გამოყენების ტენდენციის კლებას და ადამიანებში ინტერესის გაძლიერებას, რაც ქცევის ცვლილებას გამოიწვევს.
ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, დიდი დატვირთვა აქვს დედამიწის საათს და მნიშვნელოვანია მისი აღნიშვნა, ადამიანებისთვის კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ არ არსებობს ისეთი რამე რასაც გადაგდებას/მოშორებას ვეძახით. დედამიწიდან ადამიანი ვერაფერს ვერსად ვერ გადააგდებს, ამიტომ გარემოს დაზოგვა და არსებული რესურსების მიმართ პასუხუსმგებლობითი დამოკიდებულების ქონა თავად ადამიანს წაადგება, პირველ რიგში და ეს მას კარგად უნდა ესმოდეს.