in

მირიან თედორაძე

მოგზაური, მოლაშქრეთა კლუბ YETI-ის თანადამფუძნებელი

მუდმივად ვმოგზაურობ. წლის უდიდეს ნაწილს ბუნებაში ვატარებ, ყველაზე ცივ და ცხელ ადგილებში. თითქოს ძნელი უნდა იყოს, აღმოაჩინო რაღაც ახალი, გაოცდე, როცა მთელი ქვეყანა მოვლილი გაქვს. მაგრამ საქართველოში ყველაფერია დატეული – მთიდან, უდაბნოდან თუ ტყიდან, რამდენიმე საათში შეგიძლია ზღვაზე აღმოჩნდე. საუკეთესო ადგილია სამოგზაუროდ, უბრალოდ, უნდა იცოდე, სად და როდის წახვიდე. ამ ყველაფრის ფონზე, რა საოცრებაშიც ვცხოვრობთ, ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, როგორ ვანადგურებთ საკუთარ გარემოს – გაჩეხილი ტყეები, ბუნებაში დაყრილი ნარჩენები. აბა, ტობავარჩხილზე, შენ მაგივრად, ვინ უნდა მივიდეს და წამოიღებს შენ მიერ დაყრილ ნაგავს?! რატომ გვიჭირს გააზრება, რომ ეს ისევ ჩვენ და ჩვენს შვილებს დაგვხვდება წინ? 

ამას წინათ, კუმისის ტბაზე მოვხვდი. ეკოლოგიური კატასტროფაა – მთელი ტბის თევზები ნაპირზე იყო გამორიყული. და ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ პრობლემებისა, რაც ადამიანის ბუნებაში უხეშ ჩარევას მოყვება. ეს როგორ არ უნდა აღგიძრავდეს პროტესტის განცდას? სადმე რომ მივდივარ და ბრაკონიერებს წავაწყდები, როგორ არ უნდა შევატყობინო პოლიციას, რომ უკანონოდ ნადირობენ და მათ გამო, ბუნების მრავალფეროვნებას საფრთხე ემუქრება? ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის და მთელი დედამიწის წინაშე და დედამიწის საათიც სწორედ ამას გვახსენებს. დღეს, პლანეტა სიცოცხლისთვის იბრძვის. რეალურად კი, ეს ჩვენს გადარჩენას ეხება, რადგან ჩვენთან ერთად, ან ჩვენ გარეშე, ბუნება მაინც აღდგება. უბრალოდ, სად ვიქნებით ჩვენ? 

ნიკოლოზ მუსერიძე

ირაკლი გაფრინდაშვილი