in

ერთი გასროლით საფრთხეს ვუქმნით ჩვენს მომავალს

ბეთერფლაიმ დედამიწის საათისთვის პოსტერები მოამზადა

ყოველწლიურად, მარტის ბოლო შაბათს, 180-ზე მეტ ქვეყანაში “დედამიწის საათს” აღნიშნავენ. პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით დაიწყო და მისი მიზანია ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მიმართ ცნობადობის ამაღლება. მასშტაბური ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო მიმდინარეობს, მილიონობით ადამიანი ერთი საათით აქრობს შუქს.

კლიმატის ცვლილებასთან ერთად, რომლის პირდაპირი შედეგებიც დღეს თვალსაჩინოა, ასევე გამოკვეთილი და მწვავე საკითხია ბიომრავალფეროვნების შემცირების მაღალი ტემპი. საზოგადოება კი ამ საკითხის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული. სწორედ ამიტომ,  წლევანდელ „დედამიწის საათზე“ კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბიომრავალფეროვნების შემცირების პრობლემას გაესმევა ხაზი.

გასულ წელს 187 ქვეყანა და მილიონობით ადამიანი შეიკრიბა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის გარშემო – ჩვენი ერთადერთი სახლის – დედამიწის დაცვისთვის. წელს, „დედამიწის საათი“ 27 მარტს გაიმართება.

ბუნებაში ყველა ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის ადამიანიც, ერთმანეთზეა დამოკიდებული. ბიომრავალფეროვნების შემცირება ბევრ პრობლემას გამოიწვევს, რადგან იგი უზრუნველყოფს ყველა საჭირო რესურსზე ხელმისაწვდომობას: წყალი, საკვები, სუფთა ჰაერი, მედიკამენტები, თავშესაფარი და სხვა. ეს გამოწვევადაუყოვნებელ მოქმედებას მოითხოვს.

ამჟამად საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია ფაუნის 139 და მერქნიანი ფლორის 56 სახეობა; მათგან ცხოველთა 43 და მცენარეთა 20 სახეობას მინიჭებული აქვს კატეგორიები „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი“ ან „გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი“. ჰაბიტატების განადგურება და ფრაგმენტაცია, ბრაკონიერობა, გარემოს დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების ჭარბი გამოყენება და სხვა ამგვარი ქმედებები, ამ სახეობების პოპულაციებს კიდევ უფრო ამცირებს. უმეტეს შემთხვევებში კი საზოგადოება ამ საკითხს სერიოზულ პრობლემად არ აღიქვამს. ამჯერად, კამპანიის მიზანია გავრცელდეს ინფორმაცია ცხოველთა გარკვეულ სახეობებზე და ხაზი გაესვას იმას, რომ თითოეულის როლი მთლიან ეკოსისტემაში მნიშვნელოვანია.

საქართველოში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა შეიმუშავა საინფორმაციო მასალები, რომლებსაც „დედამიწის საათის“ კამპანიის ფარგლებში გამოიყენებს. პოსტერებზე საქართველოს ბიომრავალფეროვნებიდან რამდენიმე სახეობის ცხოველია წარმოდგენილი.

კრეატიული იდეის ავტორი და შემსრულებელი: სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაი.

დედამიწის საათი 2020

ჩაერთე